საკუთარი ძირითადი საშუალების რემონტის დღგ-ით დაბეგვრა
საკუთარი ძირითადი საშუალების რემონტი გარკვეულ შემთხვევებში დღგ-ით დაბეგვრას ექვემდებარება, კერძოდ, დაბეგვრისთვის აუცილებელია შესრულდეს 3 პირობა.

როგორც ცნობილია 2021 წლიდან დღგ-ით დაბეგვრას ექვემდებარება პირის მიერ განხორციელებული საკუთარი ძირითადი საშუალების (შენობის/ნაგებობის) რემონტი.
რა შემთხვევაში ექვემდებარება რემონტი დაბეგვრას?
იმისათვის, რომ რემონტი ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევას გაუთანაბრდეს და შესაბამისად, დღგ-ით დაიბეგროს, ერთდროულად უნდა შესრულდეს შემდეგი სამი პირობა:
განხორციელებული სამუშაო აკმაყოფილებს ძირითადი საშუალების რემონტის განმარტებას
საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ძირითადი საშუალების რემონტი მოიცავს შენობის ან ნაგებობის ელემენტების მოდიფიკაციას (რეკონსტრუქციას), რომელიც ხორციელდება მათი სასარგებლო მომსახურების ვადის გახანგრძლივებისა და მწარმოებლურობის ამაღლების მიზნით. რემონტად არ განიხილება მიმდინარე საექსპლუატაციო ხარჯები, რომლებიც ძირითადი საშუალების თავდაპირველი მწარმოებლურობის აღდგენის ან შენარჩუნების მიზნით გაიწევა.
რემონტი ხორციელდება საკუთარი ძალებით ან ისეთი პირისგან სარემონტო მომსახურების/სამუშაოების შეძენის გზით, რომელიც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის
თუ სარემონტო მომსახურებას დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი სწევს, ოპერაცია დღგ-ით დაბეგვრას ექვემდებარება შემსრულებლის მიერ და რემონტი ძირითადი საშუალების მესაკუთრის მიერ განხორციელებულ დასაბეგრ ოპერაციად (მომსახურების გაწევად) აღარ განიხილება
ამ მომსახურების სხვა პირისგან შეძენის შემთხვევაში, კომპანიას დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება არ უნდა ჰქონოდა
ეს პირობა შეიძლება შესრულდეს, როდესაც შენობა/ნაგებობა გამოიყენება დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ საქმიანობაში, მაგალითად, შესაბამის სამედიცინო, საგანმანათლებლო ან ფინანსურ საქმიანობაში. ამასთან, ნორმა ვრცელდება მაშინაც, როდესაც კომპანია ძირითადი საშუალების მეშვეობით დღგ-ით 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრ ან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციებთან ერთად ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ოპერაციებს ახორციელებს, რის გამოც სარემონტო მომსახურებაზე დარიცხული დღგ-ის სრულად ჩათვლა ვერ მოხდება.
ამრიგად, თუ ზემოაღნიშნული სამი პირობიდან რომელიმე არ სრულდება, საკუთარი ძირითადი საშუალების რემონტი ამ ნორმის საფუძველზე ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევად არ განიხილება და დღგ-ით დაბეგვრას არ ექვემდებარება. ხოლო ზემოაღნიშნული სამივე პირობის შესრულებისას, ოპერაციის ანაზღაურების სანაცვლოდ გაწეულ მომსახურებად განხილვის შემთხვევაში, დღგ-ით დასაბეგრ თანხას რემონტთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ღირებულება შეადგენს.
ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თუ საკუთარი ძირითადი საშუალების რემონტი ამ ნორმის საფუძველზე დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განიხილება, პირს უფლება აქვს, საქმიანობის სფეროს მიუხედავად, სრულად ჩაითვალოს რემონტისთვის გამოყენებული მასალების შეძენაზე გადახდილი დღგ, კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი პირობების დაცვით.
დღგ-ის კორექტირება
გარდა ამისა, ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 73³ მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ საკუთარი ძირითადი საშუალების (შენობის/ნაგებობის) რემონტი შესაბამის საანგარიშო პერიოდში არ იბეგრება, თუმცა ეს ძირითადი საშუალება მომავალში ერთდროულად გამოიყენება როგორც დღგ-ის ჩათვლის უფლების მქონე, ისე ამ უფლების არმქონე ოპერაციებისთვის და მათი გამიჯვნა შეუძლებელია, რემონტთან დაკავშირებული დღგ 5-წლიანი პერიოდის განმავლობაში კორექტირებასა და დარიცხვას ექვემდებარება. კერძოდ, რემონტის განხორციელების წელსა და მომდევნო ოთხი წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდებში დღგ გამოითვლება რემონტზე გაწეული ყველა დანახარჯის ღირებულების ერთი მეხუთედიდან, იმ ოპერაციების პროპორციული წილის შესაბამისად, რომლებზეც პირს დღგ-ის ჩათვლის უფლება არ აქვს. ამდენად, საკუთარი წარმოების შენობის ან ნაგებობისთვის გათვალისწინებული 10-წლიანი პერიოდისგან განსხვავებით, საკუთარი ძირითადი საშუალების რემონტთან დაკავშირებული დღგ-ის კორექტირების პერიოდი 5 წელს შეადგენს.


