საგადასახადო ვალდებულებები დაგროვებით ბარათზე მომხმარებლისთვის ქულების დარიცხვისას
კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები დაგროვებით ბარათზე მომხმარებლისთვის ქულების დარიცხვისას

როგორ განისაზღვრება საგადასახადო ვალდებულებები დაგროვებით ბარათზე მომხმარებლისთვის ქულების დარიცხვისა და გამოყენებისას?
დღგ, მოგების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი
მარკეტინგული აქციის ფარგლებში, საქონლის შეძენისას, მომხმარებელს შესაძლოა დაგროვებით ბარათზე ქულები დაერიცხოს, რომლებსაც იგი მომავალში ამავე კომპანიისგან საქონლის შესაძენად გამოიყენებს. დღგ-ის მიზნებისთვის, 2021 წლის 1 იანვრიდან მოქმედი წესით, ქულების დარიცხვა არ ამცირებს იმ ოპერაციის დღგ-ით დასაბეგრ თანხას, რომლის საფუძველზეც მომხმარებლისთვის ქულების დარიცხვა მოხდა. თუმცა, დარიცხული ქულა მომავალში გამოსაყენებელ ფასდაკლების უფლებად განიხილება, რომლის გამოყენებაც(გახარჯვაც) წარსულში დაბეგრილი თანხის კორექტირების საფუძველს წარმოადგენს.
რაც შეეხება მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებს, აღნიშნული პირობით ქულების დარიცხვა არ განიხილება ფიზიკური პირისთვის ქონების ჩუქებად, ან კომპანიის მიერ ისეთი ხარჯის გაწევად, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან არ არის დაკავშირებული.
როგორ განისაზღვრება ქულების დარიცხვის მომეტში დღგ-ით დასაბეგრი თანხა?
მომხმარებელმა მარკეტინგული(ლოიალობის) პროგრამის ფარგლებში 100 ლარად დღგ-ით დასაბეგრი საქონელი შეიძინა. რომლის საფუძველზეც, დაგროვებით ბარათზე პირისთვის 5 ლარის ღირებულების 100 ქულის დარიცხვა მოხდა. მომხმარებელს შეუძლია ეს ქულები მომავალში, ამავე კომპანიისგან საქონლის შეძენისას ფასდაკლების მისაღებად გამოიყენოს.
ქულების დარიცხვის მომენტში დღგ-ით დასაბეგრ თანხას ნაცვლად 95 ლარისა, 100 ლარი შეადგენს. შესაბამისად, ქულების დარიცხვა თავდაპირველი ოპერაციის დღგ-ით დასაბეგრ თანხას არ ამცირებს.
დღგ-ით დასაბეგრი თანხა — ქულების გამოყენებისას(გახარჯვისას)
როდესაც მომხმარებელი დაგროვილ ქულებს გამოიყენებს, სწორედ ამ დროს, ამ საანგარიშო პერიოდის დეკლარაციით, წარმოიშობა წარსულში დაბეგრილი თანხის(ბრუნვის) კორექტირების საფუძველი.
მაგალითად, მომხმარებელმა 50 ლარის ღირებულების საქონლის შეძენისას გამოიყენა წინა, 100-ლარიან შენაძენზე დარიცხული 5 ლარის ღირებულების ქულები. შედეგად, მან ფულადი ფორმით გადაიხადა 45 ლარი, ხოლო დარჩენილი 5 ლარი დაგროვილი ქულებით დაფარა.
ამ შემთხვევაში, ახალი ოპერაციის დღგ-ით დასაბეგრ თანხას კვლავ სრული თანხა — 50 ლარი შეადგენს, რადგან საქონლის ღირებულება იფარება როგორც ფულადი ფორმით, ისე დაგროვილი ქულების საშუალებით. თუმცა, გამოყენებული ქულების ღირებულებით — 5 ლარით ხორციელდება წარსულში დაბეგრილი ოპერაციის დასაბეგრი თანხის კორექტირება(შემცირება).
რა ხდება, თუ მომხმარებელი ქულებს არ გამოიყენებს?
თუ მომხმარებელი დაგროვილ ქულებს არ გამოიყენებს, ამ ქულებთან დაკავშირებით არ წარმოიშობა არც დღგ-ით დამატებითი დაბეგვრის ვალდებულება და არც წარსულში დაბეგრილი თანხის კორექტირების უფლება.
მოგების გადასახადი
ქულების დარიცხვა და გამოყენება მომხმარებლის წახალისებასა და გაყიდვების ზრდას ემსახურება, შესაბამისად, ოპერაციის მოგების გადასახადით დაბეგვრის ვალდებულება არ დგება.
საშემოსავლო გადასახადი
იბეგრება თუ არა ფიზიკური პირისთვის დარიცხული ან მის მიერ გამოყენებული ქულები საშემოსავლო გადასახადით?
ქულების, მათ შორის 1 000 ან მეტი ღირებულების ქულების დარიცხვა და გამოყენება არ წარმოშობს ოპერაციის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ვალდებულებას. რადგან, ქულების დარიცხვა საჯაროდ გამოცხადებული მარკეტინგული (ლოიალობის) კამპანიის ფარგლებში განხორციელებული შენაძენის საფუძველზე ხდება. ამასთან, ქულების გამოყენება მხოლოდ საქონლის შესაძენად არის შესაძლებელი. შესაბამისად, ქულა არ განიხილება ფიზიკური პირისთვის უსასყიდლოდ გადაცემულ ქონებად.


